26 მაისი 2022
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და საქართველოს შეიარაღებული ძალების წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო, რის შემდეგაც საკრებულოს წევრებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე გამართულ სახალხო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო.
ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება თბილისის გარდა, 5 რეგიონში გაიმართა, 15 მუნიციპალიტეტში კი სამხედრო ტექნიკა გამოიფინა. ფიცის დადების შემდეგ, მოსახლეობას სიტყვით ქვეყნის პირველმა პირებმა მიმართეს. წლევანდელ ღონისძიებაში ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ამერიკის ელჩი მონაწილეობდნენ, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. 26 მაისის აღნიშვნის ისტორიაში პირველად შესრულდა ევროკავშირის ჰიმნი, საქართველოს ჰიმნი კი ბავშვთა კაპელამ შეასრულა.
რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილია შემეცნებითი, გასართობი სივრცეები, ისტორიული, საგამოფენო სტენდები, ასევე საბავშვო ზონები. 17:10 საათზე გაისმა საქართველოს ჰიმნი - ისტორიული დრო, როდესაც ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
დღესასწაული პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა კონცერტით დაიხურება, სადაც საქართველოსა და ევროკავშირის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით ქვეყნის მასშტაბით აღინიშნა.