16 მარტი 2022
დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივით, თბილისის საკრებულოში უკრაინის მოქალაქეებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები დაესწრნენ. დედაქალაქის მერმა უკრაინის მოქალაქეებს ყველა სახის მხარდაჭერა აღუთქვა და ღონისძიების ფარგლებში, უკრაინელ ბავშვებს თბილისის მერისგან საჩუქრები გადაეცათ. დედაქალაქის მერის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისა და სხვადასხვა მუნიციპალური სერვისის გარდა, უკრაინული ოჯახები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მომსახურებითაც უფასოდ ისარგებლებენ.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, თბილისის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს იმისთვის, რომ უკრაინიდან ჩამოსულ მოქალაქეებს საქართველოში ყოფნის პერიოდი მაქსიმალურად შეუმსუბუქდეთ.
„ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და ამისთვის საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. თბილისის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ უკრაინიდან ჩამოსულ მოქალაქეებს საქართველოში ყოფნის პერიოდი.
დღეს თბილისის საკრებულოში ჩატარებული აქციით თბილისის მერთან ერთად მივესალმეთ და მოვეფერეთ ბავშვებს, რომლებსაც განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდებათ.
მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, თბილისის მუნიციპალური საბავშვო ბაღები უკრაინელ ბავშვებს უფასოდ მიიღებენ. თბილისის საკრებულო ამ გადაწყვეტილებას 18 მარტის სხდომაზე ოფიციალურ თანხმობას მისცემს. თბილისის მუნიციპალიტეტი და საკრებულო უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად ყველა მიმართულებით ვმუშაობთ.“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.