01 თებერვალი 2022
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიორგი ონიანი უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით, დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში, ვიცე მერის ირაკლი ხმალაძის და მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის კახა გულედანის მოსვლას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგი ონიანმა დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ უკანონო მშენებლობები უკვე ერთჯერადი შემთხვევები არ არის, სწორედ ამიტომ მათ ვიცე მერისა და მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელისგან სურთ მოისმინონ ინფორმაცია, თუ რატომ ვერ ხერხდება დაწყებისთანავე უკანონო მშენებლობების შეჩერება.
„რამოდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ ვარკეთილში, უნებართვოდ რვა სართულიანი კორპუსი ააშენა. დღეს დადასტურდა, რომ კომპანია „მოდუსმა“ ასევე უნებართვოდ სავაჭრო ცენტრი ააშენა. ეს აღარ არის ერთჯერადი შემთხვევები და ცხადად ჩანს, რომ მერიასთან დაკავშირებული კონკრეტული პირები ეპატრონებიან ცათამბჯენებს ისე, რომ კანონით ამის უფლება არ აქვთ. ეს ხდება მაშინ, როდესაც ქალაქის მერი კახა კალაძე ანგრევს ერთსართულიან, ასანთის კოლოფის მსგავს საცხოვრისებს, რომელიც არის ყველაზე გაჭირვებული ფენის ნავსაყუდელი და აცხადებს, რომ არ დაუშვებს თბილისში უკანონო მშენებლობებს. როგორც ჩანს იგი უკანონო მშენებლობებს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არ დაუშვებს, ვინც მისი გარემოცვა არ არის.
სწორედ ამიტომ, უახლოეს პერიოდში, ჩვენ საკრებულოში ვიცე მერისა და მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოსვლას ვითხოვთ, რათა გავიგოთ, თუ რატომ ვერ ხერხდება უკანონო მშენებლობების შეჩერება მათი დაწყებისთანავე“- განაცხადა გიორგი ონიანმა.