30 მაისი 2022
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის დედაქალაქში ბუქარესტში იმყოფებიან. დელეგაციაში თბილისის მუნიციპალიტეტის, თბილისის საკრებულოს და საქართველოს პარლამენტის წევრები შედიან.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ბუქარესტის მერ ნიკუშორ დანთან ერთად, ხელი მოაწერა თბილისისა და ბუქარესტის დაძმობილების შესახებ ხელშეკრულებას. ბუქარესტი თბილისის 22-ე დაძმობილებული ქალაქი გახდა.
მემორანდუმის მიხედვით, საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქები ითანამშრომლებენ სხვადასხვა მიმართულებით: კულტურა, გამწვანება, ურბანული განვითარება, სპორტი, ტურიზმი, ეკონომიკა, სავაჭრო ურთიერთობები.
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ორმხრივი შეხვედრები გაიმართა, სადაც მხარეებმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებსა და სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბუქარესტში მეფე მიჰაი I-ის სახელობის პარკში შოთა რუსთაველის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა. დედაქალაქის მერმა ღონისძიებაზე შოთა რუსთაველის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ვეფხისტყაოსანი“ დამსახურებულად ეწერება დასავლური სამყაროს საგანძურში.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და დელეგაციის წევრებმა დაძმობილებული ქალაქის მერი თბილისში მოიწვიეს.