28 სექტემბერი 2022 ბრიუსელში გამართულ ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) მიერ ორგანიზებულ მასშტაბურ შეხვედრაში, CEMR-ის ახალგაზრდული კომიტეტისა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა გურამ ოქროპირიძემ მონაწილეობა მიიღო. შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, მიგრანტების ინტეგრაციის პროცესს, კერძოდ კი, რუსული აგრესიისა და უკრაინელი ლტოლვილების მიგრაციის შედეგებს განიხილავდნენ. გურამ ოქროპირიძემ სიტყვით გამოსვლისას, აღნიშნულ თემასთან ერთად, ასოცირებული ტრიოს გამოწვევებზე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობასა და დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. ქართული დელეგაციის წევრმა ასევე ისაუბრა რუსული ოკუპაციის შედეგებზე საქართველოსა და რეგიონში.
გურამ ოქროპირიძემ ევროპელ კოლეგებს საქართველოში, უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად განხორციელებული ღონისძიებებიც გააცნო და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი ყოველთვის გვერდში დაუდგება უკრაინელ ხალხს.
ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) ახალგაზრდულ კომიტეტში ქართული დელეგაციის წევრები საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) რეკომენდაციით შეარჩიეს.
CEMR-ის სამუშაო შეხვედრაში, რომელიც 26-27 სექტემბერს გაიმართა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ეგიდით, ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოში (CEMR) წარდგენილი წევრები - ლაგოდეხისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები - სალომე ღონღაძე და ქეთევან ხომერიკი, აგრეთვე, აღნიშნულ საბჭოში არსებული ახალგაზრდული კომიტეტის ქართული დელეგაციის წევრი - ქუთაისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი - მაგდა კოსტავა იღებდნენ მონაწილეობას.