11 ნოემბერი 2021
კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ძალისხმევით, ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონისთვის“ სახელმწიფოს მიერ გადაცემული შენობის სარეაბილიტაციო - სარემონტო სამუშაოები დაიწყება. პროექტის პრეზენტაციას, რომელიც დღეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გაიმართა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მინისტრ თეა წულუკიანთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, დაესწრო.
2014 წელს „ერისიონს“ სახელმწიფოსგან, ანსამბლის არსებობის ვადით, თბილისში, ხეთაგუროვის N26-ში მდებარე შენობა გადაეცა, თუმცა არასათანადო პირობების გამო, ანსამბლი ამ შენობით ვერ სარგებლობს.
2021 წლის ივნისში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მოცემული შენობის სრული რეაბილიტაციისთვის პროექტის მოსამზადებლად 180 000 ლარი გამოყო, რის შედეგადაც მომზადდა პროექტი. მიმდინარე თვეში კი, აღნიშნული პროექტის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად, ტენდერი გამოცხადდება.
როგორც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განცხადა, სრული რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ანსამბლ ,,ერისიონს“ ექნება თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობა: 80 მაყურებელზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი, ანსამბლის შოუ-პროგრამებზე მორგებული განათება-გახმოვანება, ხმის ჩამწერი სტუდია, კეთილმოწყობილი სარეპეტიციო დარბაზები და საგრიმიოროები, მსახიობებისთვის სპეციალურად შექმნილი სატრენაჟორო დარბაზები და საშხაპეები, ასევე გათბობა, კონდიცირება და ვენტილაცია, მოსასვენებელი სივრცეები და კაფეტერია. რეაბილიტირებულ შენობაში განთავსდება „ერისიონის“ სკოლა-სტუდიისთვის გამოყოფილი ცალკე სარეპეტიციო სივრცეები, სადაც ყოველდღიურად ასეულობით ბავშვი ქართულ ხალხურ სიმღერასა და ცეკვას ეზიარება.
რეაბილიტაციის სამუშაოების ჯამური ღირებულება 14 მილიონი ლარია.