დიდი დიღმის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დაწყების პროცესს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერთან კახა კალაძესთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, დაესწრო. მულტიფუნქციური ცენტრი 9 000 კვ.მ ტერიტორიაზე აშენდება და 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.
მულტიფუნქციურ ცენტრში ფეხბურთის, ფრენბურთის, კალათბურთისა და ტანვარჯიშისთვის სპორტული დარბაზები განთავსდება. ფიტნეს-დარბაზთან ერთად, ტრენაჟორების სივრცე მოეწყობა. ცენტრში ორი საცურაო აუზი, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა; სახელოვნებო სკოლა; საკონფერენციო დარბაზი; ბოულინგისა და სამაგიდო თამაშების სივრცე; სპორტული ინვენტარის მაღაზია და კაფე იფუნქციონირებს.
როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროგრამა ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა და მათ სპორტულ ცხოვრებაში ჩართვას ისახავს მიზნად.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის გიორგი ჩაკვეტაძის თქმით კი, სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს. მისივე თქმით, ამ დროისთვის მულტიფუნქციური ცენტრი ვარკეთილშიც შენდება.
„პანდემიის მიუხედავად, თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. მულტიფუნქციური ცენტრები, რომლებიც ვარკეთილსა და დიდ დიღომში შენდება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილია. ერთ სივრცეში გაერთიანებული იქნება სხვადასხვა სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცე, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ცხოვრების ჯანსაღი წესით დაკავების შესაძლებლობას მისცემს“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
დიდი დიღმის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.