- ბატონო გიორგი, თბილისობის დღესასწაულზე წელს პირველად ჩატარდება ხელოვნებისა და ლიტერატურის კონკურსი "თბილისი". რამ განაპირობა ამ კონკურსის ჩატარება?
- ხელოვნებისა და ლიტერატურის აღნიშნული კონკურსის ჩატარების მიზანი ახალი ტალანტების გამოვლენაა. მოგეხსენებათ, არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში ბევრი კარგი შემოქმედი გვყავს როგორც სიტყვიერ კულტურაში, ასევე სახელოვნებო დარგებში. გვსურს, ახალგაზრდა შემოქმედები გავააქტიუროთ, გამოვაჩინოთ მათში ის ტალანტი, რომელიც თითქოს პასიურ ეტაპზეა გადასული. ეს არ ნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილეობას ძველი თაობის წარმომადგენლები არ მიიღებენ. ვფიქრობთ, ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს კიდევ უფრო გააქტიურდენენ როგორც ძველი, ასევე ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები.
- რამდენი ნომინაცია იქნება კონკურსზე წარმოდგენილი?
- კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ განაცხადები რვა ნომინაციაზე წარადგინონ. კერძოდ, მოხდება წლის საუკეთესო პროზაული, პოეტური, ფერწერული, აგრეთვე, ფოტოხელოვნებისა და არქიტექტურის ნაწარმოებების გამოვლენა. ასევე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის იქნება ნომინაცია "წლის საუკეთესო ესე - "ჩემი თბილისი", გამოვლინდება "წლის საუკეთესო სიმღერა" და "წლის საუკეთესო ქანდაკება". ამავე დროს, დაწესებულია "ჟიურის სპეციალური პრიზიც".
რაც შეეხება "ჟიურის სპეციალურ პრიზს", ვფიქრობთ, გამოვიყენოთ სხვადასხვა კრიტერიუმი. ამ ჩამოთვლილი ნომინაციებიდან შეიძლება გამოირჩეს საუკეთესო ნამუშევარი, ეს ერთი მხარეა. მეორე მხარეზეც მინდა მოგახსენოთ. შევახსენებ საზოგადოებას, რომ აღდგა ჟურნალი "ცისკარი", რომელშიც, როგორც აფხაზურენოვანი, ასევე ოსურენოვანი ჩვენი თანამოქალაქეების ნაწარმოებები ქართულად იბეჭდება. ასევე, ქართველი ავტორების თარგმანები _ აფხაზურ და ოსურ ენებზე. "ცისკრის" ამ ნომრებს ჩვენ სოხუმსა და ცხინვალში ვგზავნით. ეს არის ერთგვარი სახალხო დიპლომატია. შერიგებისა და ურთიერთთანამშრომლობისკენ გადადგმული ნაბიჯი. ამ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ჩვენ მათაც ველით. ეს იქნება ლიტერატურის თუ სახელოვნებო სფერო. ვიცით, რომ ოსებსაც და აფხაზებსაც ბევრი კარგი შემოქმედი ჰყავთ. ყველას მოვუწოდებ, რომ მიიღონ მონაწილეობა და გამოაგზავნონ თავიანთი ნაშრომები.
- რა იქნება კონკურსის მთავარი პრიზი და რა კრიტერიუმებით მოხდება გამარჯვებულების გამოვლენა?
- კონკურსის კრიტერიუმებს შვიდი წევრისგან შემდგარი მაღალპროფესიონალური, კომპეტენტური ჟიური შეიმუშავებს, რომლის წევრების ვინაობას ვერ გაგიმხელთ. ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. მთავარი პრიზი კი 25-30 სანტიმეტრი სიმაღლის ხოხობის სკულპტურა იქნება. ძალიან დიდი პატივი დაგვდო და იგი მოქანდაკე გია ჯაფარიძემ შექმნა.
აქვე მინდა შევახსენო ჩვენს მოსახლეობას, რომ გასული საუკუნის მეორე ნახევარში, ასევე დიდი ხელოვანის, ემირ ბურჯანაძის მიერ ცნობილი მიმინოს ემბლემა შეიქმნა. იმდროინდელმა მთავრობამ აქცენტი ვახტანგ გორგასალთან დაკავშირებული თბილისის დაარსების ლეგენდის მიმინოზე გააკეთა. რაც შეეხება ამჟამინდელ სიმბოლოს: რამდენიმე წლის წინ, აბანოთუბანში, იქ, სადაც წმინდა აბო თბილელის თავისკვეთის ადგილია (აქ წმიდა 40 სებასტიელი მოწამის სახელობის მონასტერი აიგო), არქეოლოგიური გათხრების დროს მნიშველოვანი არტეფაქტები აღმოჩნდა. ეს არის მე-12 საუკუნის თასები, რომლებზეც ხოხობია გამოხატული. ანუ ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ, რომ საინგილოდან დაწყებული აფხაზეთით დამთავრებული ხოხობი ქართული ენდემური ჯიში იყო. თასები ულამაზესი ქართული მოჭიქვის მეთოდითაა შექმნილი.
აქედან დაგვებადა აზრი, ნომინაციების პრიზებად ჯერ ამ თასების ზუსტი ასლები გაგვეკეთებინა. თუმცა, შემდგომ გია ჯაფარიძემ თავისი დახმარება და თანადგომა შემოგვთავაზა და ხოხბის სკულპტურის შექმნაზე შევთანხმდით. ისინი ნომინაციების რაოდენობის მიხედვით ჩამოისხმება და კონკურსში გამარჯვებულისთვის ღირსეული სამახსოვრო იქნება.
- კონკურსის ჩატარების ფინანსებზეც გვითხარით ორიოდე სიტყვა. რამდენია საპრიზო ფონდი?
- კონკურსის ჩასატარებლად ძალიან ბევრი ბრენდი გამოგვეხმაურა. დაახლოებით ოცამდე კომპანიაა, რომელიც ფინანსურ და საპრიზო მხარდაჭერას გამოხატავს. ჩვენ კონკურსში გამარჯვებულებისთვის 1500-1500 ლარი გვაქვს დაწესებული. ანუ ნომინაციაში გამარჯვებულს ხოხბის სკულპტურასთან ერთად 1500 ლარი და კომპანიების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები გადაეცემათ.
რაც შეეხება საუკეთესო ესეს ნომინაციაში გამარჯვებულის დაჯილდოვებას, სკოლის მოსწავლისთვის ფულის გადაცემას არ ვფიქრობთ, რადგან განზრახული გვაქვს, გამარჯვებული შესაფერისი პრიზით დავაჯილდოვოთ.
კონკურსი ჩატარდება იმ ფინანსური რესურსით, რაც მისი ბიუჯეტით არის გათვალისწინებული. ეს არის 50 ათასი ლარი. შეიძლება უფრო ნაკლებ თანხაშიც ჩავეტიოთ, რადგან სხვადასხვა კომპანიის ფინანსური მხარდაჭერის იმედი გვაქვს. როგორც ითქვა, რამდენიმე მათგანი უკვე გამოგვეხმაურა. ნომინანტთა დაჯილდოვება კი თბილისობის დღესასწაულზე მოხდება. ჩვენ გვინდოდა, რომ თბილისობის დღესასწაულში კულტურილი ნაწილი კიდევ უფრო გაზრდილიყო.
- კონკურსში მონაწილეობისთვის რა ვადაში უნდა წარმოადგინონ მსურველებმა განაცხადები? სად მიიღებენ ისინი კონკურსის შესახებ სრულ ინფორმაციას?
- კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადების მიღება 20 ივლისიდან დაიწყო და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. მსურველებს განაცხადები სხვადასხვა ნომინაციაში უკვე შემოაქვთ.
საკონკურსოდ მოსწავლეების მოზიდვა გვიჭირს, რადგან, მოგეხსენებათ, არდადეგების პერიოდია. თუმცა, ვფიქრობ, ესეც მოგვარდება. თბილისის სკოლათა უმრავლესობა ინფორმირებულია და 10 სექტემბრისთვის ესეების მნიშვნელოვანი რაოდენობა გვექნება.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდი მომავალი ექნება ამ კონკურსს და მასში საზოგადოების მაღალი ჩართულობა თუ იქნება მიღწეული?
- ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ჟურნალისტების მხარდაჭერა. ვფიქრობ, ეს ის ღონისძიება იქნება, რომელიც თბილისს მართლაც დაამშვენებს და ერთმანეთის მიმართ მეტი სითბოთი, სიყვარულითა და პატივისცემით განგვაწყობს.
ეკა ბახუტაშვილი
"ინტერპნესნიუსი"