თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა კენჭისყრის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების საკითხი დადებითად გადაწყვიტეს.
სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხებიც განიხილეს. იმსჯელეს და საბოლოოდ მიიღეს მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთ აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესი, რომელიც დეპუტატებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნინო ბურძენიძემ წარუდგინა. წარდგენისას აღინიშნა, რომ წესის მიხედვით, შეღავათებით სტიქიით დაზარალებული ოჯახის ბავშვებიც ისარგებლებენ.
რიგგარეშე სხდომაზე, მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ ხუთი საკითხი წარმოადგინა, რომლებიც, თბილისში სხვადასხვა მისამართებზე მდებარე მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარითა და უზურფრუქტის ფორმით გადაცემას ეხებოდა.
სხდომაზე დეპუტატებმა ასევე მიიღეს გადაწყვეტილება თბილისში არსებული ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის სახელების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. საკითხები სხდომაზე საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ წარადგინა.
გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის სხვადასხვა რაიონში მდებარე რამდენიმე უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ იმსჯელეს და დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.