დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიების თავმჯდომარეებთან, ჯაბა სამუშიასთან და ლია ჯახველაძესთან ერთად, პოლონეთის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანჟეი ჩიშკოვსკის უმასპინძლა.
ოფიციალურ შეხვედრაზე, მხარეებმა, თბილისში პოლონელი სახელმწიფო მოღვაწის, ჯოზეფ პილსუდსკის სახელობის ქუჩის სახელდების საკითხზე იმსჯელეს.
გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოში ანჟეი ჩიშკოვსკის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი პოლონეთსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
„პოლონეთის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ჯოზეფ პილსუდსკის, რომელიც ემიგრანტ ქართველებს ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდა და სამხედრო ოფიცრებს ყოველთვის გვერდში ედგა.
მოგეხსენებათ, პოლონეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და იგი ამას საერთაშორისო ურთიერთობებში, ჩვენი ქვეყნის მუდმივი მხარდაჭერით ადასტურებს. შესაბამისად, ჩვენი სურვილია, ეს მეგობრობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ.
სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ თბილისის ქუჩას უნდა მიენიჭოს ჯოზეფ პილსუდსკის სახელი და ქართველმა ხალხმა უფრო მეტი შეიტყოს ამ პიროვნების ღვაწლის შესახებ“, - განაცხადა წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს.