თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან თინათინ ნიბლოშვილთან და ზურაბ აბაშიძესთან, ასევე საკრებულოს წევრთან ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საშობაო „ალილოს“ ტრადიციულ მსვლელობას შეუერთდა. „ალილოს“ მსვლელობა, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, განსხვავებული ფორმატით, რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა.
გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა შეკრებილებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საშობაო ნობათი გადასცეს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ქრისტეშობა განსაკუთრებული დღესასწაულია ქრისტიანებისთვის. მისივე თქმით, საქართველოში ამ უდიდესი დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია „ალილოს“ ტრადიციული მსვლელობა.
„ქრისტეშობა სიყვარულის, სიკეთის, ერთიანობის დღეა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და ვუსურვებ ბედნიერებას და კეთილდღეობას,“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მანქანებით მსვლელობა გაიმართა. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში 16:00 საათზე ქრისტეშობის სამადლობელი პარაკლისით სრულდება.
„ალილოზე“ შეგროვებული შემოწირულობები, ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან ბავშვთა სახლებში, უმწეოთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.