დღეს თბილისის საკრებულოში, თბილისის მერმა კახა კალაძემ იმ კომპანიებთან, რომლებიც „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელ მშენებლობებს დაასრულებენ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შესაბამისად, სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია და 6000-მდე დაზარალებული ოჯახი კუთვნილ საცხოვრებელ ფართებს მიიღებს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ დაზარალებულებს დღევანდელი დღე მიულოცა და ყველა იმ პირს, ვინც ამ პრობლემის მოგვარებაში აქტიურად იყო ჩართული მადლობა გადაუხადა. გიორგი ტყემალაძის თქმით, მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ თბილისში დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემა აღარ არსებობდეს.
,,ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ 6000-მდე დაზარალებული ოჯახი კუთვნილ საცხოვრებელ ფართებს მიიღებს, რითაც თბილისში „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება. მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაჭრაში.
ვულოცავ ჩვენს თანამოქალაქეებს უიმედობის დასრულებას! ასეთი მოუგვარებელი პრობლემების მიმართ ჩვენი პოზიცია ყოველთვის პრინციპულია და პირობას გაძლევთ, რომ მალე ქალაქში არცერთი დაუსრულებელი მშენებლობა არ იქნება!’’- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.