თბილისში ინდოეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, უდიდესი სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა.
ძეგლი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარიმ გახსნეს.
ძეგლის გახსნა განდის 150 წლის იუბილეს მიეძღვნა. ქანდაკება, რომლის ავტორიც ინდოელი მოქანდაკე გაუტამ პალია, საქართველოს საჩუქრად გადმოეცა.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, დღეს ქართველი ხალხისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი დღეა. მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ ძეგლის გახსნა ინდოეთიდან სამშობლოში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების გადმოსვენების დღეს მოხდა.
„ძეგლის გახსნით ვადასტურებთ ჩვენს დიდ პატივისცემას მაჰათმა განდისა და მისი მოღვაწეობის მიმართ და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოსა და ინდოეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს. ნიშანდობლივია, რომ ძეგლის გახსნას წინ უძღოდა ინდოეთიდან სამშობლოში ჩვენი დიდი წმინდანის, ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების ჩამობრძანება, რისთვისაც მადლობას ვუხდი ამ ისტორიულ საქმეში მონაწილე ყველა მხარეს და განსაკუთრებით ინდოეთის მთავრობას წმინდა ნაწილის საქართველოსთვის სამუდამოდ გადმოცემისთვის,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.