წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები თბილისის მედიათეკაში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.
ღია ცის ქვეშ გამართულ წიგნების გამოფენა-გაყიდვაში, სადაც სტუმრებს გამოფენილი წიგნების სპეციალურ ფასად შეძენის საშუალება მიეცათ, 25 -მდე სხვადასხვა გამომცემლობამ მიიღო მონაწილეობა.
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ღონისძიების ძირითადი მიზანი საზოგადოებაში წიგნის გავრცელება და პოპულარიზაციაა.
,,ჩვენთვის ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის წიგნის პოპულარიზაციას ემსახურება და ამასთან, ახალგაზრდებში წიგნის კითხვის მიმართ ინტერესის გაღვივების კარგი საშუალებაა.
დღეს გამოფენა-გაყიდვაზე მოსულ სტუმრებს მათთვის სასურველი წიგნების ხელმისაწვდომ ფასად შეძენის საშუალება აქვთ.
შესაბამისად, თბილისის საკრებულომ და მერიამ დღევანდელ ღონისძიებას ერთხმად დაუჭირეს მხარი“,-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღე იუნესკოს გადაწყვეტილებით მთელ მსოფლიოში 1995წლიდან, ხოლო საქართველოში 2003 წლიდან აღინიშნება.