კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების ნივთების დარიგება გრძელდება. თბილისის ათივე გამგეობას დღეს კომპანია „არქიმ“ მოხუცებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, საკრებულოს წევრები და გამგებლები ესწრებოდნენ.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, თბილისში არიან მაღალი რისკის ჯგუფის მქონე ადამიანები, რომლებსაც ზრუნვა სჭირდებათ და თბილისის მერია და გამგეობები მათ საკვებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს აწვდიან. გიორგი ტყემალაძემ კომპანია „არქი“ -ს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ბიზნესის მხრიდან იმ ადამიანების მხარდაჭერა, ვისაც ზრუნვა სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, კამპანია მომავალშიც გაგრძელდება და ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეეძლებათ.
მარტოხელა მოხუცებს ნობათს დატრენინგებული მოხალისეები დაურიგებენ.