თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, წარმომადგენლობითი ორგანოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრმა ნინო ლაცაბიძემ, რაიონში არსებული სოციალურად დაუცველთა სასადილოების მონიტორინგი განახორციელა.
საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სამდივნოს თანამშრომლებთან ერთად, მაჟორიტარმა, სანიტარული პირობები შეამოწმა და ბენეფიციარებს გაესაუბრა.
„თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 18 მილიონ ლარზე მეტი სოციალურად დაუცველი ადამიანების კვებით უზრუნველყოფას მოხმარდა. ამ სერვისს თბილისის მერია ახორციელებს.
ჩემს სამაჟორიტარო ოლქში ამ ტიპის სამი უფასო სასადილოა, რომელთა მონიტორინგი დღეს განვახორციელეთ. გვინდა დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ აქ მოსულ ადამიანებს ხვდებათ ღირსეული გარემო და მათ შეუძლიათ ჯანსაღი საკვები მიიღონ“,- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.