დღეს, თბილისის საკრებულოში, კულტურულ-შემეცნებითი პროექტი „თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ გამომგონებელი და მეწარმე ქალებისადმი მიძღვნილი ღონისძიებით განახლდა.
შემეცნებითი პროექტი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მარიკა დარჩიას ინიციატივით დაფუძნდა.
დღევანდელი ღონისძიება მთავარი თემით „ქალები, მეწარმეობა და გამომგონებლობა“ მარიკა დარჩიამ გახსნა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სტუმრებს მიესალმა და მეწარმეობასა და გამომგონებლობაში ქალების მიერ შეტანილი წვლილის უდიდეს მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენს ისტორიაში ძალიან სუსტად არის შესწავლილი ქალების წვლილი ზოგადად მეწარმეობასა და გამომგონებლობაში, ეს მაშინ როდესაც დიდი ბრიტანეთის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის კვლევის შედეგების თანახმად, საქართველო მსოფლიო ქალ გამომგონებელთა რეიტინგში მეათე ადგილს იკავებს.
ამიტომ ჩვენი დღევანდელი ღონისძიების თემა გამომგონებელ და მეწარმე ქალებს მიეძღვნა. მიმაჩნია, რომ ასეთ ღონისძიებებს ამ ისტორიის რეანიმაციისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მარიკა დარჩიამ.
პროექტის თემაზე პრეზენტაცია სახელწოდებით „ქალები, მეწარმეობა, გამომგონებლობა“ ფილოსოფოსმა ლელა გაფრინდაშვილმა წარადგინა.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით ქართველი გამომგონებელი და მეწარმე ქალები გამოვიდნენ, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას საკუთარი მოღვაწეობისა და გამოგონებების შესახებ მოკლე ინფორმაცია მიაწოდეს.
ღონისძიების ფარგლებში, თამარ მეფის სახელობის დარბაზში საქართველოში მეყველეთა გილდიის თავმჯდომარის, მეწარმის ანა მიქაძე-ჩიკვაიძის ნახატების პირველი პერსონალურ გამოფენა გაიმართა.
განახლებული პროექტის „თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ ნოემბრის თვის პირველ ღონისძიებას საკრებულოს წევრები, ქართველი მეწარმე და გამომგონებელი ქალები, ჟურნალ ფორბეს ჯორჯიას წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.