თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თამარ ტალიაშვილმა ნაძალადევის რაიონის გამგებელთან ირაკლი ხელაძესთან ერთად, ზღვისუბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. მათ შორის, სანიაღვრე ქსელებისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია, სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა, შიდა გზების რეაბილიტაცია, სენსორული განათებებისა და ახალი ლიფტების მოწყობის სამუშაოები.
,,რაიონის გამგეობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის აქტიური თანამშრომლობით ზღვისუბანში ბევრი რამ კეთდება. ეს არის ის პროგრამა, რომელსაც დავპირდით ჩვენ მოქალაქეებს და თანმიმდევრულად ვასრულებთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზღვისუბანში ,,თემქის ხევის’’ ადგილას საქალაქო მნიშვნელობის პარკი გაშენდება, რომელიც ამ უბანს სრულიად ახლებურად პოზიციონირების საშუალებას გაუჩენს’’ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.