გრიგოლ ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე არეალის რეაბილიტაცია დასრულდა. მოედანი საზეიმოდ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ქალაქის მერმა კახა კალაძემ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ გახსნეს. ღონისძიებას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ დამსწრე საზოგადოებას ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცა და განაცხადა, რომ ახლებური გააზრებით და ძველი კოლორიტის შენარჩუნებით ორბელიანის მოედანი თბილისის კიდევ ერთ ტურისტულ ცენტრად გადაიქცევა. მისივე თქმით, მოედანი თავისი მნიშვნელობით გამორჩეული ადგილია.
„ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ავთენტურობის დაცვა, ეკონომიკური აქტივობის პოტენციალის გაზრდა, საცხოვრებელი და სარეკრეაციო გარემოს შექმნა-გაუმჯობესება - ეს არის პროექტის ძირითადი არსი, რომელიც წარმატებით განხორციელდა. დიდი მადლობა პროექტში ჩართულ თითოეულ ადამიანს პროფესიონალიზმისა და გაწეული შრომისთვის“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ღონისძიების დასასრულს სალომე ზურაბიშვილმა, მამუკა ბახტაძემ, ირაკლი კობახიძემ, კახა კალაძემ და გიორგი ტყემალაძემ, მადლობის სიგელებით, ის უწყებები და ადამიანები დააჯილდოვეს, რომლებმაც პროექტის განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.
რეაბილიტაციის პროცესში, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე სრულად შეიცვალა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები. 20 შენობას ჩაუტარდა რესტავრაცია-რეაბილიტაცია, რომელთაგან 13 ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სივრცეში განთავსდა მხატვრული სცენა და მოეწყო გამოფენისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. შენარჩუნდა ცნობილი ყვავილების ბაზრობა, რომლისთვისაც გარემოსთან ადაპტირებული მხატვრული სავაჭრო პავილიონები მოეწყო. განხორციელდა მოედნის მიმდებარედ არსებული, ორი ძეგლის სტატუსის მქონე რეკრეაციული ზონის - 9 აპრილის სახელობის და ორბელიანების სახელობის სკვერების რეაბილიტაცია.
შენობების რეაბილიტაციის პარალელურად, მოედნის ქვეშ განთავსდა 170 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგი. კერძო ინვესტიციით, უშუალოდ სარეაბილიტაციო ქუჩებზე დაიწყო 4 სასტუმროს და 2 სავაჭრო-კომერციული ობიექტის მშენებლობა. შეიქმნა ახალი სატრანსპორტო კვანძები ადაპტირების და რეკრეაციული მოთხოვნების დაცვით.