ბავშვთა ქალაქში “მზიური” თბილისის მერიამ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ პროექტის – “განახლებული მზიური” პრეზენტაციას გამართეს.
„მზიურის პარკის“ რეაბილიტაციის პროექტი, რომლის პრეზენტაციას დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან ერთად დაესწრო, თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად წარადგინა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის განხორციელების შედეგად, დედაქალაქს განახლებული, კეთილმოწყობილი, მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება. მისივე თქმით, პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა.
პროექტი ასევე ითვალისწინებს 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული ტერიტორიისა და „მზიურის პარკის“ აღდგენა-მოწყობას, არსებული ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას და ამავე ტერიტორიაზე მდებარე ამორტიზებული შენობების რეაბილიტაცია-ადაპტაციას.
„მზიურის“ ტერიტორიაზე ასევე აიგება შენობა, რომელშიც „თოჯინების მუზეუმი“ განთავსდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციების სიტემა, მოეწყობა საბავშვო გასართობი და სპორტული მოედნები, დამონტაჟდება თანამედროვე საპარკე ავეჯი.
სარეაბილიტაციო არეალი 13 ჰა ფართობს მოიცავს.
პროექტის განხორციელება 2019 წელს დაიწყება და მისი დასრულება 2020 წელსაა დაგეგმილი.