თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის(ათეა) ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ტყემალაძემ, საქართველოს დელეგაციასთან ერთად სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 35-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა. კონგრესმა საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის შესახებ ანგარიში და რეკომენდაციები მიიღო, რომელიც 2018 წლის აპრილში კონგრესის მონიტორინგის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შედეგად შემუშავდა.
„მოხარული ვარ, რომ ანგარიში და რეკომენდაციები, რომელიც ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის მისიის ვიზიტის შედეგად შემუშავდა, დადებითად აფასებს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კუთხით მიმდინარე მოვლენებს. ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საქართველოში დემოკრატიის გაუმჯობესების ჭეშმარიტად გამოხატული პოლიტიკური ნება არსებობს. საგულისხმო და მნიშვნელოვანია ის რეკომენდაციები, რომელიც ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა შეიმუშავა. ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინებთ, ევროპელი კოლეგების რეკომენდაციებს. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ სტრასბურგში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი წარმატებული და ნაყოფიერი იყო,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
კონგრესის 35-ე სესიაზე საქართველოს შესახებ ანგარიშში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია გამოყოფილი. კერძოდ, მომხსენებლები მიესალმებიან ადგილობრივი თვითმმართველობის მოდერნიზაციისა და დეცენტრალიზაციის რეფორმების ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავებას, მერების პირდაპირი არჩევის წესის შემოღებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერებას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის გამყარებას კონსტიტუციაში, აუდიტის სისტემის მოდერნიზებას და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლობითი როლის ოფიციალურად ცნობას.
ევროსაბჭოს მონიტორინგის მისიის მომხსენებლები დადებითად აფასებენ ასევე, საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ახალი მექანიზმების შექმნას, ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური პოტენციალის გაძლიერებას.
„ჩვენ დავასკვენით, რომ საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის კუთხით მდგომარეობა მთლიანობაში დამაკმაყოფილებელია,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მომხსენებელმა, სტიუარტ დიქსონმა (გაერთიანებული სამეფო, ILDG - დამოუკიდებელ და ლიბერალ დემოკრატთა ჯგუფი).
ანგარიში დადებითად შეაფასა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, რომელიც კონგრესის სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მან მადლობა გადაუხადა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხისა და თვითმმართველობათა ევროპულ ქარტიასთან შესაბამისობის შეფასების ერთმნიშვნელოვნად დადებითი ანგარიშისათვის.
როგორც ცნობილია, კონგრესზე თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი თამარ ტალიაშვილი კონგრესის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ საკრებულოს კომისიათა შემადგენლობის ცვლილება განიხილა
აპრილი 25,2024თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024