თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ტყემალაძემ ,,სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ‘’ II ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება ყვარლის მუნიციპალიტეტში გაიმართა და მისი ინიციატორი საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია იყო.
გიორგი ტყემალაძემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს ასეთი ღონისძიების გამართვისთვის. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ამგვარი ფორმატი და დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია თვითმმართველობებს შორის უფრო მჭიდრო კომუნიკაციისთვის.
„დარწმუნებული ვარ, რომ ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოვიყენებთ. ეს ფორუმი საშუალებას გვაძლევს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ვიმსჯელოთ თვითმმართველობის აქტუალურ, მიმდინარე საკითხებზე, უკვე ჩატარებულ და დაგეგმილ რეფორმებზე. მნიშვნელოვანია არამარტო ცენტრალურ ხელისუფლებასა და თვითმმართველობას შორის დიალოგი, არამედ ის, რომ თვითმმართველობებმა ერთ ფორმატში გარკვეული მოსაზრებების, გამოცდილების და გამოწვევების გაზიარება და აზრთა გაცვლა შეძლონ. ეს დამატებითი შესაძლებლობაა თვითმმართველობებისთვის, რომ ერთმანეთთან უფრო მჭიდრო კომუნიკაცია ვიქონიოთ,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ფორუმში მონაწილეობდნენ ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია ღვინაშვილი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიების მონაწილეებმა თვითმმართველობებში რეფორმის კონტექსტში არსებულ გამოწვევებსა და ხედვებზე, კერძოდ კი, მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო შიდა ფინანსების კონტროლის რეფორმაზე, სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიზნით თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილებების გადაცემის საკითხზე, მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდულ პოლიტიკაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობაზე, ასევე დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების საკითხებზე იმსჯელეს.