თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრებთან ერთად, დედაქალაქის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას „ერთად გავიხსენოთ 13 ივნისი“ დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში, მზიურის პარკში, 13 ივნისის სტიქიის ამსახველი და მომდევნო დღეებში გადაღებული ფოტოების გამოფენა მოეწყო. ასევე, სტიქიის დღის, მისი შედეგებისა და სალიკვიდაციო სამუშაოების ამსახველი ვიდეო ჩვენებაც გაიმართა.
ტრაგედიასთან დაკავშირებული ისტორიები დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურებისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა გაიხსენეს. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით იმ მოხალისეებმაც მიმართეს, რომლებიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდნენ.
როგორც ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, თბილისში, 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული, ბეჰემოტის ძეგლი დაიდგმება. გარდა ამისა, მოხალისეების სახელობის ჯილდო დაწესდება.
ღონისძიებას „ერთად გავიხსენოთ 13 ივნისი“ დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.