თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, მუზეუმების კვირეულის ფარგლებში, პროექტი „თბილისის მუზეუმების კვირეული“ ეწყობა. პროექტი ა(ა)იპ „თბილისის მუზეუმების გაერთიანებასთან“ ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდება და მისი მიზანია მონაწილეების ჩართულობა თბილისის მუზეუმების მრავალფეროვან შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებში და ამ გზით მათი პოპულარიაზაცია და იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა. პროექტის დასრულების შემდეგ, მონაწილე ბავშვებს თამარ ტალიაშვილი და დეპუტატები თბილისის საკრებულოს ისტორიულ შენობაში უმასპინძლებენ და მათ სიგელებით დააჯილდოვებენ.
აღნიშნული პროექტით თბილისის საკრებულო მუზეუმების საერთაშორისო დღეს უერთდება, რომელიც 1977 წლიდან მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ICOM-ის გადაწყვეტილებით, 18 მაისს ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.
მუზეუმების კვირეულს დედაქალაქი კომპლექსური ღონისძიებებით უერთდება. ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანების“ ორგანიზებითა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 18 მაისს მოეწყობა „მუზეუმის ღამე თოჯინებთან და სათამაშოებთან ერთად’’, ხოლო 19 მაისს, "თბილისის მუზეუმების გაერთიანების" მუზეუმები დაინტერსებულ აუდიოტორიას მრავალფეროვან საგანმანათლებლო და საგამოფენო პროგრამებს, მარშრუტებს, ვორკშოპებსა და სპეციალურ ანიმაციებს შესთავაზებს.
თბილისის მუზეუმების გაერთიანება ცხრა მუზეუმს აერთიანებს: ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური ბინა-მუზეუმი, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი, კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალური ბინა-მუზეუმი და სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმი.