თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს ოპოზიციის მიერ სამგორის რაიონის გამგებლის, დავით კერესელიძის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა.
მისი თქმით, მმართველმა გუნდმა დავით კერესელიძის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზზე საკმაოდ მკაფიო განცხადებები გააკეთა.
„მოხდა კვარტალური შედეგების გაანალიზება და გაირკვა, რომ არ იყო საკმარისი ათვისება. ამის პროგნოზი გარკვეული პერიოდით ადრე გვქონდა, რადგან ვხედავდით, რომ ამ მიმართულებით ჩამორჩენა იქნებოდა. ხოლო როცა მოხდა მიზეზების გაანალიზება და შეფასება, ჩვენ გამგებელთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, უკეთესი იქნებოდა, თუკი იგი თანამდებობას დატოვებდა. ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო იმ მიზნით, რომ შესრულებული სამუშაოები გაორმაგებული იყოს და შედეგი იყოს უკეთესი“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.