თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წევრი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი აცხადებს, რომ ქალაქის განაშენიანებისკენ გადადგმულ სწორ ნაბიჯებს ვერ ხედავს და საკრებულოს უმრავლესობას აფრთხილებს.
როგორც ოპოზიციონერმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, დედაქალაქის მერიაში მაკონტროლებელი ბიუროკრატია, მართვისა და დაჯარიმების სირთულეები და დასაჯარიმებელი ნიხრები იზრდება.
მისი განცხადებით, ეს ნოყიერ ნიადაგს ქმნის იმისა, რომ დამჯარიმებლების არმიამ პირდაპირი არალეგალური გარიგება აწარმოოს მშენებლებთან, რაც კორუფციის ძალიან მაღალ საფრთხეებს ქმნის.
ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წევრი აღნიშნავს, რომ ეს კატასტროფისკენ მიმავალი გზაა.
„ვინაიდან ქალაქის ბიუჯეტი დიდწილად ამ მშენებლობებით ივსება, თუ მას არ მივხედეთ კიდევ ერთ ქაოტურ წრეში შევალთ. ამის შესახებ გაფრთხილებთ მმართველ გუნდს იმიტომ, რომ ეს უპირველეს ყოვლისა თქვენი პასუხისმგებლობა იქნება“, - განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.