ემიგრანტთა არასამთავრობო ორგანიზაციის „მე დავბრუნდები“ ორგანიზებით, კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში წარმატებული ემიგრანტი ქალების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძე და საკრებულოს წევრი ანა ლაშხი დაესწრნენ.
გიორგი ტყემალაძემ ერთ-ერთ ემიგრანტ ქალბატონს, საბერძნეთში მცხოვრებ მზია ხუციაშვილს, რომელმაც ვაჟა-ფშაველას სახელობის საკვირაო სკოლა დააფუძნა, საპატიო ჯილდო გადასცა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, თბილისის საკრებულომ ემიგრანტ ქალბატონებს 9 მარტს უმასპინძლა.
„მე მეამაყება, რომ ეს შესანიშნავი ქალბატონები ქართველები არიან. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები. ეს ჩვენ გვაერთიანებს,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ღონისძიება წარმატებული ემიგრანტი ქალების კვირეულის ფარგლებში გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს პარლამენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
წარმატებული ემიგრანტი ქალების დაჯილდოების ღონისძიება მესამე წელია იმართება.