„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ წინასაარჩევნო დანაპირები შევასრულოთ,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ მაჟორიტარის სათათბიროს წევრებთან შეხვედრაზე. შეხვედრას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და გამგებლის მოადგილეები ესწრებოდნენ.
მაჟორიტარმა დეპუტატმა გამგეობის წევრებთან ერთად სათათბიროს წარმომადგენლებს 2018 წლის ბიუჯეტი, დაგეგმილი და განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები გააცნო და საზოგადოების აზრი მოისმინა. რიმა ბერაძის განცხადებით, 2018 წლის თბილისის ბიუჯეტში ჩუღურეთის რაიონისთვის 15 მილიონი ლარია გამოყოფილი. დეპუტატის თქმით, ბიუჯეტში 39 ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი. რიმა ბერაძემ მოსახლეობას სოციალური პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„მართალია ეს თანხა საკმარისი არ არის ყველა პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა მაინც ბევრი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებას შევძლებთ. მოგეხსენებათ, ჩუღურეთის რაიონში 3-ათასამდე სახლი საჭიროებს რეაბილიტაციას, მათგან ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ეტაპობრივად მოვახერხებთ ყველა პრობლემის მოგვარებას,“- განაცხადა შეხვედრაზე რიმა ბერაძემ.
რიმა ბერაძემ შეხვედრაზე ჩუღურეთის რაიონში სოციალური სახლის აშენების და ფონდის დაარსების შესახებ ინიციატივა დააყენა.
„გპირდებით ჩემი სახელით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყოველდღიურად ვიყოთ ჩართული თქვენი პრობლემების და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის საქმეში,“- განაცხადა შეხვედრაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მაჟორიტარი დეპუტატის და ამომრჩევლის ერთიანობა და აქტიურობა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მაჟორიტარმა დეპუტატმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ინფრასტრუქტურული სამუშაოების და ტრანსპორტის შესახებ მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხეს.
ახალი მოწვევის საკრებულოს რეგლამენტში შესული ცვლილებების მიხედვით, მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო წარმომადგენლობად გადაკეთდა. მაჟორიტარის წარმომადგენლობის ახალი დებულების მიხედვით, რიმა ბერაძე მოსახლეობას 3 თვეში ერთხელ გაფართოებულ ფორმატში შეხვდება.