დღეს თბილისის საკრებულოს შენობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ორგანიზებით, საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის მერი კახა კალაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე.
„ჩვენი დღევანდელი საღამო უმნიშვნელოვანეს მოვლენას -თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს უკავშირდება. მინდა, თბილისის საკრებულოს სახელით მივულოცო საქართველოს ეს დღე. საქართველოს ისტორიაში არის თარიღები, რომელთაც უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ჩვენი ქვეყნისთვის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება სწორედ ასეთ თარიღთა შორისაა,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თავისი არსებობის 100-წლიანი ისტორიის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო ქვეყნის მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით კი, უნივერსიტეტის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს 40 ქვეყნის 150 წარმომადგენელი ესტუმრა. დღეს რამდენიმე მათგანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გახდა.
საზეიმო მიღებაზე რამდენიმე მუსიკალური ნომერი „თბილისის ბიჭუნათა კაპელამ“ შეასრულა.