თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ლიტერატურისა და ხელოვნების პრემიის სახელწოდებაზე კონკურსს აცხადებს, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება.
დაინტერესებულმა პირებმა აუცილებელია, ელექტრონულ მისამართზე tbsakrebulo.gov.ge შეავსონ ელექტრონული განაცხადი და 8 მარტის 18:00 საათამდე მოგვაწოდონ კონკურსის სახელწოდება.
საუკეთესო სახელწოდებას შესაბამისი კომისია გამოავლენს. საპრიზო ფონდი 500 ლარს შეადგენს. გამარჯვებულს პრემიას საკრებულოს თავმჯდომარე პირადად გადასცემს.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ელექტრონულ მისამართზე: konkursi@sakrebulo.ge
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის ინიციატივით, დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მუშავდება პროექტი კონკურსისთვის, რომელიც ლიტერატურულ და სახელოვნებო დარგებს მოიცავს.
კონკურსის ლიტერატურული ნაწილის ნომინაციებია:
1. პროზა;
2. პოეზია;
3. დრამატურგია.
სახელოვნებო ნაწილის ნომინაციებია:
1. მხატვრობა
2. სკულპტურა;
3. ფოტოგრაფია;
4. სიმღერა;
5. არქიტექტურა;
6. გამოყენებითი ხელოვნება.
ასევე დაგეგმილია მოსწავლეებისთვის სპეციალური ნომინაციის დამატება, სადაც მოზარდებს საშუალება ექნებათ თბილისის შესახებ საკუთარი ხედვებით წარმოადგინონ ესეები.
საუკეთესო ლიტერატურული ნამუშევრები განახლებულ ჟურნალ ,,ცისკარი 1852“-ში დაიბეჭდება.
კონკურსის დეტალები შემუშავების ეტაპზეა. უახლოეს მომავალში მომზადდება დებულება, სადაც ყველა ნიუანსი გაიწერება.
კონკურსის შესახებ ინფორმაცია ჟურნალი ,,ცისკარი 1852“-ის მარტის ნომერში და სხვადასხვა ბეჭდურ მედიასა და ინტერნეტ პორტალებზე გამოქვეყნდება.