თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საინვესტიციო კომპანია სს „აი ჯი კაპიტალ ინვესტი“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა და დოკუმენტს ხელი საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და კომპანიის „აი ჯი კაპიტალ ინვესტი“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე თეთროშვილმა მოაწერეს.
აღნიშნული მემორანდუმის მიზანი თბილისში ინვესტორების მოზიდვა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, საინვესტიციო პროექტების განხორციელება და ინვესტორებთან სამუშაო შეხვედრების გამართვაა.
მემორანდუმის ხელმოწერამდე მხარეებმა შეხვედრა გამართეს, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე, საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე, ფრაქციის „ქართული ოცნება - კონსერვატორები“ თავმჯდომარე დავით უთმელიძე და ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე ესწრებოდნენ.
აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა მსგავსი ტიპის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.