თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გამართულ დასაქმების ფორუმს დაესწრნენ, რომლის ფარგლებშიც 300 ადამიანი დასაქმდება.
გიორგი ალიბეგაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სპეციალისტების დასაქმებისა და განვითარების მიზნით, მსგავსი პროექტების მნიშვნელობზე ისაუბრა.
ღონისძიებაზე, რომელიც, „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა, კანდიდატებმა სასურველი ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაცია კომპანიის დარგობრივი მიმართულების ექსპერტებისგან მიიღეს.
კომპანია, რომლის ძირითადი საინვესტიციო მიმართულება ინფრასტრუქტურის განვითარება და განახლებაა, ახალი კადრების მოზიდვასა და პროფესიულ გადამზადებას საჭიროებს, რისთვისაც დასაქმების ფორუმი საუკეთესო საშუალებაა.
პროექტი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს, ასევე თბილისის საკრებულოსა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.