თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილი თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებიან.
დელეგაციის წარმომადგენლები ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესში მიიღებენ მონაწილეობას.
31-ე სესია 19-21 ოქტომბერს, ქალაქ სტრასბურგში, კერძოდ, ევროპის საბჭოს მთავარ შენობაში გაიმართება.
კონგრესი, რომლის დანიშნულება ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე დემოკრატიის მხარდაჭერა, ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების შესაძლებლობების გაუმჯობესება და ხელისუფლების თვითმმართველობების გაძლიერებაა, დელეგირებისა და რეგიონალიზაციის პროცესებს და ქალაქებსა და რეგიონებს შორის თანამშრომლობას უწყობს ხელს.
წლევანდელი ორი სესიის თემაა „ეთიკა და გამჭვირვალობა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე“.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაგეგმილია დებატებიც, რომელიც ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ქალთა წარმომადგენლობისა და პოლიტიკური მონაწილეობის, რადიკალიზმთან ბრძოლის, გენდერულ ბიუჯეტირებისა და მუნციპალურ რაიონებში ეფექტური მმართველობის თაობაზე გაიმართება.
კონგრესზე ასევე კვიპროსის ადგილობრივი დემოკრატიის ანგარიშები, სომხეთის ადგილობრივი შუალედური არჩევნების სადამკვირვებლო მონაცემები და სერბეთის ადგილობრივი არჩევნებიც განიხილება.