თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა ქალაქ თბილისში გამწვანებული ტერიტორიების განკარგვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავით ნარმანიას მოხსენება მოისმინეს.
სხდომა გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა, დავით ნარმანიას თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში მოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საკრებულოს სხდომა საქმიან და კონსტრუქციულ გარემოში წარიმართებოდა. თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ კი საკრებულოს წევრებს კიდევ ერთხელ გააცნო სხდომის დღის წესრიგი და განმარტება გააკეთა სხდომის რეგლამენტთან დაკავშირებით, რომელიც საკრებულოს ბიუროს სხდომაზე იქნა დამტკიცებული. გიორგი ტყემალაძის თქმით, სხდომაზე თავდაპირველად გაკეთდებოდა განცხადებები, შემდეგ საკრებულოს წევრები მოისმენდნენ დავით ნარმანიას მოხსენებას, რის შემდეგაც დეპუტატებს მერისთვის კითხვების დასმის საშუალება მიეცემოდათ. დაბოლოს, ფრაქციების წარმომადგენლები შეაფასებდნენ დავით ნარმანიას გამოსვლას.
საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენელთა მოთხოვნის საფუძველზე, დავით ნარმანიამ გამწვანებული ტერიტორიების განკარგვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით მოხსენება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ეკოლოგიისა და გამწვანების მიმართულებით, თბილისის მერიამ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა. მერის განმარტებით, დედაქალაქის ისტორიაში პირველად შემუშავდა გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020 წლებისათვის.
„მსგავსი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ეფუძნება და თბილისის გამწვანების პოლიტიკას ეხება, ერთგვარი სიახლეა. სტრატეგიაზე დაყრდნობით, ბოლო ორი წლის განმავლობაში დარგულია 560 000 ხე. მიმდინარე წლის შემოდგომაზე კი 79 000-მდე ხე დაირგვება. მერია აქტიურად მუშაობდა სკვერებისა და პარკების აღდგენის ღონისძიებებზე. რამდენიმე დღის წინ დასრულდა გოთუას, თამარაშვილისა და რობაქიძის გამზირზე არსებული სკვერების რეაბილიტაცია, ხოლო მაიაკოვსკის სკვერის აღდგენითი სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. დედაქალაქის მთავრობამ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციის გზით ხმობადი და დაავადებული ხეების ჩანაცვლებაც დაიწყო“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დავით ნარმანიას გამოსვლის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რის შემდეგაც საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლებმა მერის გამოსვლასთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთეს.
თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომას თბილისის მერის მოადგილეები, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები, თბილისის რაიონების გამგებლები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.