თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის ინიციატივით, დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მედიის წარმომადგენლებთან არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.
მასმედიის წარმომადგენლებს კოალიცია ,,ქართული ოცნების“ დეპუტატებმა უმასპინძლეს.
შეხვედრა, რომელიც მედიასა და თვითმმართველ ორგანოს შორის ეფექტიან და გამჭვირვალე თანამშრომლობას ისახავდა მიზნად, დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა.
გიორგი ალიბეგაშვილმა სტუმრებს საკრებულოს მეხუთე მოწვევის უმრავლესობის წარმომადგენლები წარუდგინა და მათ დედაქალაქის 6 თვის მუშაობის ანგარიში გააცნო.
საკრებულოს თავმჯდომარემ ახალი თვითმმართველობის კოდექსიდან გამომდინარე საკრებულოს უფლება-მოვალეობებზე, გამჭვირვალე თვითმართველობაზე და ამ კუთხით მედიის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.
მასმედიის წარმომადგენლებსა და დეპუტატებს შორის შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ძირითადი შეკითხვები სოციალურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებს შეეხებოდა. ჟურნალისტები დედაქალაქში არსებული პრობლემების მოგვარების გზებით დაინტერესედნენ და დეპუტატებს შეკითხევბი საცობების, პარკირების, სავბავშვო ბაღების, პროექტ ,,პანორამა თბილისისა“ და შიდა გზების მოწესრიგების შესახებ დაუსვეს.
კონკრეტულ კითხვებს გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად შესაბამისი კომისიების თავმჯდომარეებმა დეტალურად უპასუხეს, რის შემდეგაც მედიის წარმომადგენლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ანალოგიური შეხვედრები კიდევ უფრო უწყობს ხელს საკითხების სიღმისეულ გაცნობას.
დეპუტატებმა საზოგადოების ინფორმირებულობის კუთხით მედიის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს და გამოთქვეს მზაობა,რომ სიამოვნებით მიიღებენ მონაწილეობას თემატურ გადაცემებში, დედაქალაქისთვის მნიშვნელოვან ამა თუ იმ საკითხის განხილვის დროს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანმა ეკა მიშველაძემ მედიისადმი საკრებულოს დეპუტატების მხრიდან ჯანსაღ დამოკიდებულებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ იგი მიესალმება ისეთი ფორმატის შეხვედრებს, რომელიც მედიის კრიტიკის ნაცვლად ინფორმირებულობაზეა ორიენტირებული.
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, რომ მან და მისმა კოლეგებმა “პანორამა თბილისთან” დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მხოლოდ საკრებულოს წევრებისგან დღევანდელ შეხვედრაზე გაიგეს და განაცხადა , რომ სასურველი იქნება, თუ ანალოგიურ შეხვედრებს დეპუტატების მსგავსად პროექტის ავტორებიც გამართავენ. “პანორამა თბილისის “ პროექტთან დაკავშირებით ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა “პალიტრა TV-ის” წამყვანმა მერაბ მეტრეველმა. „ასეთი სახის შეხვედრები მნიშვნელოვანია , რადგან გადაცემის ფორმატი არ გვაძლევს საშუალებას მივიღოთ ამა თუ იმ საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია, ხოლო ამ კატეგორიის შეხვედრები საშუალებას იძლევა უფრო დაწვრილებით და ღრმად ჩავიხედოთ დედაქალაქისთვის აქტუალურ თემებში“.-განაცხადა მეტრეველმა
რადიო „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ეკა ვეფხვაძის თქმით, ეკრანიდან სხვა შთაბეჭდილებები რჩება, ხოლო ამ ტიპის შეხვედრები გვაძლევს საშუალებას დამყარდეს მჭიდრო კომუნიკაცია ჟურნალისტებსა და დეპუტატებს შორის და კონკრეტულ საკითხებზე მიღებულ იქნეს ამომწურავი პასუხები.
შეხვედრას ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურების უფროსები, პოლიტიკური თოქ -შოუებისა და საინფორმაციოს წამყვანები , საინფორმაციო რადიოების, გაზეთებისა და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებს ისტორიული შენობა დაათვალიერებინა.