თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა ქალაქის მერთან დავით ნარმანიასა და კრწანისის რაიონის გამგებელთან გიორგი კოპალეიშვილთან ერთად სანიაღვრე კოლექტორის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და იქ მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
სამუშაოების ფარგლებში, ზემო ფონიჭალაში, ანდრო ჟორდანიას ქუჩასა და ქვემო ფონიჭალაში მდინარე მტკვარამდე 1 225 მეტრი სიგრძის სანიაღვრე კოლექტორის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარე მასშტაბური სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება. კერძოდ, სრულად აღდგება სანიაღვრე სისტემა და გაიწმინდება დაჭაობებული ტერიტორიები.
დეპუტატის თქმით, სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობისთვის, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ორგანიზაციებისთვის, მათ შორის, საქართველოს რკინიგზისთვის.
პროექტის ჯამური ღირებულება 820 000 ლარია და ის 2016 წლის 1 ივნისს დასრულდება.