თბილისის მერია ა(ი)იპ თბილისის განვითარების ფონდთან ერთად მასშტაბური პროექტის - „ახალი ტიფლისი“ განხორციელებას იწყებს, რომლის პირველი ეტაპი საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად ილიას ბაღში, „გარდენ ჰოლში“ წარუდგინა.
პრეზენტაციას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილი, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, წარმომადგენლობითი ორგანოს სხვა დეპუტატები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი „ახალი ტფილისი“ ქალაქში ახალი მასშტაბური საზოგადოებრივ-რეკრეაციული სივრცეების გაჩენას, ახალი ტურისტული მარშუტის შექმნას, მოედნების, გალერეების მოწყობას, ისტორიული უბნების არქიტექტურული იერსახის შენარჩუნებასა და განვითარებას გულისხმობს.
პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში დავით აღმაშენებლის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მშრალი ხიდისა და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება.
რეაბილიტაციის შედეგად დავით აღმაშენებლის გამზირის არეალში მცხოვრებ მოსახლეობას საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუუმჯობესდება, ამასთან ტერიტორია სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
პროექტის „ახალი ტიფლისი“ პირველი ეტაპი 2016 წლის ბოლომდე დასრულდება.